logo
ENG



"ამ მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ" - კობახიძე რუსეთზე

24 ივნ 202311:56
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ ამბობს, აპირებს თუ არა მთავრობა რუსეთში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას და აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენებს "უნდა დააკვირდნენ".

"რაც შეეხება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, ამ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ. ბუნებრივია, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს", - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივას სისულელეს უწოდებს და ამბობს, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს.

დღეს პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ მთავრობას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ და რუსეთთან საზღვრების დროებით ჩაკეტვისკენ მოუწოდა. გახარიას თქმით, საფრთხე რეალურია და მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო.

23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.

მან განაცხადა, რომ "ბოროტება შეჩერდება" და ყველა მსურველს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე მტკიცებით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ეს არა სამხედრო გადატრიალება, "არამედ სამართლიანობის მარშია". 

ბევრმა მისი განცხადება, სწორედ სამხედრო გადატრიალების მცდელობად აღიქვა, ხოლო რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწოდების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდება. ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე, პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.

პრიგოჟინმა ისინი საბრძოლო მასალის ნაკლებობასა და "რუსული მიწის" დათმობაში ადანაშაულებდა.


close დახურვა